მღვიმური ქალაქი მტკვრის ზემოთ

მღვიმური ქალაქი კლდეშია გამოკვეთილი მტკვრის მარცხენა ნაპირას, გორიდან ათი კილომეტრით აღმოსავლეთით. სახელი ნიშნავს «უფლის ციხეს». აქ ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან ცხოვრობდნენ, ხოლო აყვავება ელინისტურ და ადრერომაულ ხანაზე მოდის, როცა უფლისციხე წარმართული ქართლის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი იყო.
IV საუკუნეში ქართლის მოქცევის შემდეგ ქალაქმა სალოცავის მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ციხედ დარჩა: IX–XI საუკუნეებში, როცა თბილისს არაბთა საამირო ეჭირა, უფლისციხე ქართლის მმართველთა ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. XIII საუკუნეში მონღოლებმა ის ააოხრეს და ქალაქი თანდათან დაცარიელდა.
დაახლოებით შვიდასი გამოკვეთილი სათავსოდან შემორჩა ას ორმოცდაათამდე: კესონიანჭერიანი დარბაზები, ე. წ. თამარის დარბაზი, ე. წ. აფთიაქი, გვირაბი მდინარისკენ. ზემოთ დგას IX–X საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა. დღეს ეს მუზეუმ-ნაკრძალია და შესულია იუნესკოს წინასწარ სიაში.